English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ვანო ბენიძე
ბედნიერების ეკონომიკური თეორია და კეთილდღეობის ალტერნატიული ინდიკატორები

რეზიუმე 

სტატიაში ახსნილია ბედნიერებასა და ეკონომიკას შორის კავშირი, შეფასებულია მოსახლეობის კეთილდღეობის გაზომვის მეთოდოლოგიური და კეთილდღეობის მაქსიმიზაციის განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხები.

ნაშრომში გაანალიზებულია უცხოელ მკვლევართა შეხედულებები ბედნიერების ეკონომიკური თეორიის შესახებ და შემოთავაზებულია მთლიანი შიგა პროდუქტის ალტერნატიული საზომები.

სტატიაში გაკეთებულია დასკვნა, რომ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კეთილდღეობის საზომი, მთლიანი შიგა პროდუქტი, ვერ ახერხებს სრულად ასახოს ადამიანთა ბედნიერებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ფაქტორები.  თუმცა, რადგან დღეს მთლიანი შიგა პროდუქტი ყველაზე კარგად შესწავლილი ინდიკატორია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი ჩანაცვლება ალტერნატიული საზომით ახლო მომავალში არ მოხდება. შესაძლებელია იმის ვარაუდიც, რომ თანდათან მეტი ქვეყნები მოახდენენ ბედნიერების ინდიკატორების სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეტაპობრივ ჩართვას.

საკვანძოსიტყვები: ბედნიერების ეკონომიკა, მოსახლეობის კეთილდღეობა, მთლიანი შიგა პროდუქტი, პროგრესის ალტერნატიული საზომი. 

ეკონომიკა და ბედნიერებამოკლე ისტორი 

ბედნიერება[1] ის ერთადერთი მიზანია, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და რომლისკენაც კაცობრიობა ოდითგანვე მიისწრაფვის. ეკონომიკის, ისევე როგორც ნებისმიერი საზოგადოებრივი პროცესის, უმთავრესი მიზანი კი ადამიანია. ბედნიერების ეკონომიკური თეორიის საკითხის კვლევა აქტიურად XX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო, თუმცა  ბედნიერების ცნება ეკონომისტების ინტერესის საგანს ეკონომიკის, როგორც სოციალური მეცნიერების, ჩამოყალიბების დღიდან წარმოადგენდა. ჯერ კიდევ 1759 წელს წიგნში “მორალური სენტიმენტების თეორია”, ადამ სმითი მკაფიოდ განმარტავს, რომ ადამიანისთვის ნამდვილი ბედნიერება არა სიმდიდრეს და დიდებას, არამედ სიბრძნეს და სათნოებას მოაქვს. ა. სმითი წერს: “ადამიანი მოქმედებისთვის შეიქმნა და საკუთარი შესაძლებლობების დაძაბვით, ხელი უნდა შეუწყოს, თავისი და სხვების, გარემო პირობების შეცვლას იმგვარად, რომ ამით საუკეთესოდ იქნეს უზრუნველყოფილი თითოეულის ბედნიერება” (Smith, 1759/1761, p. 187). XVIII საუკუნის სხვა გამოჩენილი ეკონომისტებიც, მაგალითად თომას მალთუსი და ჯერემი ბენთამი, ხშირად წერდნენ ბედნიერებასა და ეკონომიკას შორის კავშირზე (Malthus 1798/1968; Bentham 1776/2001). ნიშანდობლივია, რომ ადრეული, კლასიკური ეკონომისტებისტებისათვის სარგებლიანობის მაქსიმიზაცია, რომელიც მოგვიანებით ფულის ან მთლიანი შიგა პროდუქტის (GDP)[2] მაქსიმიზაციასთან გაიგივდა, ბევრად მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბედნიერებასთან, ვიდრე უბრალოდ სიმდიდრის დაგროვებასთან ან ეკონომიკურ ზრდასთან.

XIX და ადრეულ XX საუკუნეებში ჩამოყალიბებულმა კონსუმერიზმმა, ეკონომიკურმა წესრიგმა რომელიც ადამიანს სულ უფრო მეტი პროდუქტისა თუ სერვისის შეძენისკენ უბიძგებდა, ფაქტობრივად გაათავისუფლა ეკონომიკური ურთიერთობები მორალური და ზნეობრივი ფასეულებებისაგან. კლასიკურ და ნეოკლასიკური ეკონომიკაში ადამიანთა კეთილდღეობა და ბედნიერება  მხოლოდ მათ ფულად სიმდიდრესთანაა გაიგივებული, ხოლო ქვეყნის პროგერსი კი მისი GDP-ის ზრდასთან (Bruni, 2007, p. 160).

ეკონომიკაში დიდხანს მივიწყებული ბედნიერების ცნება XX საუკუნის მეორე ნახევარში დაბრუნდა. ინგლისელმა ეკონომისტმა არტურ პიგუმ განაცხადა, რომ ბედნიერება და მატერიალური დოვლათი ერთმანეთთისგან განსხვავებული ცნებებია და რომ მატერიალური კეთილდღეობა ადამიანური ბედნიერების ალგორითმის მხოლოდ შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს (Pigou, 1951, pp. 287-302).  ამ პრობლემას პირველი ემპირიული კვლევები ფსიქოლოგ ჰედლი კენტრილმა და ეკონომისტ რიჩარდ ისტერლინმა მიუძღვნეს. კენტრილმა კვლევის შედეგად დაასკვნა, რომ ადამიანთა შემოსავლებსა და მათ ბედნიერებასთან შორის ძლიერი დადებითი სტატისტიკური კორელაცია იყო (Cantril, 1965, pp. 194-195). თუმცა, მოგვიანებით, 1974 წლის ისტერლინის კვლევამ, რომლის შედეგებიც “ისტერლინის პარადოქსის” სახელწოდებითაცაა ცნობილი, უარჰყო კენტრილის დაკვნები და შემოსავლებსა და ბედნიერებას შორის კავშირს ვერ მიაკვლია (Easterlin, 1974, p. 108). კენტრილისა და ისტერლინის მოსაზრებების დიამეტრული განსხვავებულობის მიუხედავად, შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ სწორედ ამ მეცნიერების ადრეულმა კვლევებმა ჩაუყარეს საფუძველი ბედნიერების ეკონომიკური თეორიის არსის მომდევნო წლებში უფრო ღრმად შესწავლას და გააჩინეს კითხვები GDP-ის, როგორც კეთილდღეობის საზომი ერთეულის, ავკარგიანობასთან დაკავშირებით.

მთლიანი შიგა პროდუქტის ნაკლოვანებან 

ქვეყანათა პროგრესის და მათი მოსახლეობის კეთილდღეობის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ საზომ ერთეულს მთლიანი შიგა პროდუქტი (GDP) წარმოადგენს. GDP ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საზღვრებში წარმოებული მთლიანი პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულებას ზომავს. შესაბამისად, თუ ქვეყნათა პროგრესს GDP-ის საშუალებით გავზომავთ,  პროგრესი და ადამიანთა კეთილდღეობა მეტის წარმოებასა და მოხმარებასთან უნდა გავაიგივოთ. თუმცა, ნეოკლასიკური ეკონომიკის დაშვება, რომ “მეტი ყოველთვის უკეთესია”, ბოლო წლების განმავლობაში ბევრი პროგრესული ეკონომისტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკის საგანი გახდა. 2016 წლის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ცალსახად ნეოლიბერალური ორგანიზაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკაში ჯოსეფ შტიგლიცმა განაცხადეს, რომ აუცილებელია GDP ჩანაცვლდეს სხვა, მეტად მრავლისმომცველი საზომით, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას თუ ბედნიერებას უფრო ნათლად ასახავს. GDP-ის, როგორც ქვეყნის კეთილდღეობის საზომი ერთეულის, ლიმიტაციები მისმა არქიტექტორმა საიმონ კუზნეცმაც კარგად იცოდა. კუზნეცი წერს: “ქვეყნის კეთილდღეობაზე დასკვენის გაკეთება მხოლოდ გაჭირვებითაა შესაძლებელი ზემოთ განმარტებული ეროვნული შემოსავლის მიხედვით” (Kuznets, 1934, p. 7).

არაერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი კვლევა აჩვენებს, რომ ადამინთა ჯანმრთელობასა და მათ სუბიექტურ ბედნიერებას[3] შორის დადებითი სტატისტიკური კორელაციაა (Morris et al, 1984; Angner et al, 2012). ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ბედნიერების ქულებსა[4] და მათი მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებლებს[5] შორის კავშირსაც ამ დასკვნამდე მივყავართ (იხ. ნახაზი 1).

ასევე, სხვადასხვა კვლევები ბედნიერებაზე ცხადყოფენ, რომ ადამიანთა კეთილდღეობა სხვა მრავალ ფაქტორზე,  მათ შორის, განათლების ხარისხისა და გარემოს დაბინძურების დონეზეცაა დამოკიდებული (Michalos, 2007; Rehdanza et al,2013). მნიშვნელოვანია აღინიშნოს ეკონომიკური უთანასწორობის გავლენა ადამაინთა კეთილდღეობაზე. აურყოფითი სტატისტიკური კორელაცია ვლინდება ქვეყანების ჯინის კოეფიციენტებსა[6] და მათი ბედნიერების ქულებს შორის (იხ. ნახაზი 2).

ეპიდომოლოგებმა  რიჩარდ უილკინსონმა და ქეით პიკეთიმ, წლების სამეცნიერო კვლევების შედეგად დაასკვნეს, რომ ისეთი ქვეყნები სადაც დოვლათი შედარებით თანაბრადაა გადანაწილებული მის მოსახლეობას შორის, სხვა თანაბარ პირობებში, უფრო ბედნიერნი არიან ვიდრე ისეთი ქვეყნები, რომლებიც მაღალი ეკონომიკური უთანასწორობით ხასიათდებიან (Wilkinson and Pickett, 2009).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანთა კეთილდღეობის და მათი ბედნიერების მაქსიმიზაცია ეკონომიკის მიზანი იყო მისი, როგორც სოციალური მეცნიერებად ჩამოყალიბების დღიდან. თუმცა, პარადოქსულად, პროგრესის შესაფასებლად დღემდე ვიყენებთ საზომს, რომელიც უგულებელჰყოფს ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომელთაც ადამიანთა ბედნიერებასა და მათ კეთილდღეობაზე პირდაპირი გავლენა აქვთ. ჯანმრთელობა, განათლება, გარემოს დაბინძურება და ეკონომიკური უთანასწორობა იმ ფაქტორთა მხოლოდ ნაწილია, რომელთაც ადამიანთა კეთილდღეობაზე საგრძნობი გავლენა აქვთ, მაგრამ არ არიან ინკორპორირებულნი GDP-ის მაჩვენებელში. მეტიც, ამ ფაქტორთა გაურესება GDP-ის ზრდაზე დადებით გავლენ ახდენს, ხოლო მოსახლეობის ბედნიერებაზე კი ცალსახად უარყოფითს. ეკონომისტებმა კარგად იციან GDP-ის ეს ნაკლოვანებანი და დიდი ხანია მუშაობენ შექმნან მისი ისეთი ალტერნატივები, რომლებიც შემოსავლებთან ერთად გაითვალისწინებს ადამიანთა ბედნიერებაზე ზეგავლენის მქონე სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებსაც. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა მრავალი საზომი, რომლებმაც მეტ-ნაკლებად შესძლეს GDP-ის ნაკლოვანებების გამოსწორება. მნიშვნელოვანია რამდენიმე მათგანზე ყურადღების გამახვილება. 

მთლიანი შიგა პროდუქტის ალტერნატივებ 

Dდღითიდღე უფრო დიდი მნიშვნელობა ინიჭება ბუტანის მეოთხე მეფის მიერ 1972 წელს წარმოდგენილ კონცეფციას ერთიანიეროვნულიბედნიერების შესახებ. კონცეფციის თანახმად, ქვეყანა განიცდის პროგრესს მაშინ, როდესაც ქვეყნის მატერიალური განვითარება მისი მოსახლეობის სულიერი განვითარებითაა დაბალანსებული. ერთიანი ეროვნული ბედნირება ეფუძნება ოთხ მთავარ ბურჯს[7], ხოლო ერთიანი ეროვნული ბედნიერების ინდექსის გამოთვლა ცხრა სხვადასხვა კრიტერიუმს[8], რომელთაც საბოლოო ინდექსის გამოთვლისას თანაბარი წონები ენიჭებათ. ბუტანის სამეფოს მიერ შემუშავებული ერთიანი ეროვნული ბედნიერების კონცეფცია ეტაპობრივად იხვეწებოდა მისი ჩასახვის დღიდან და დღეს ბუტანის ეკონომიკური ზრდისა და პროგრესის ოფიციალური საზომია.

ერთ-ერთი პირველი GDP-ის ალტერნატივის შექმნის იდეა 1995 წელს ჟურნალ “Atlantic Monthly”-ში გამოქვეყნებული სტატიის, სათაურით “თუ GDP იზრდება, რატომ ქვეითდება ამერიკა”, შედეგად შეიქმნა. ერთ-ერთი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის თანამშრომლებმა მკითხველს გააცნეს პროგრესის ახალი საზომი, ჭეშმარიტიპროგრესისინდიკატორი, რომელიც GDP-ისგან განსხვავებით, ქვეყნის პროგრესის დათვლისას ითვალისწინებს ქვეყნის არამხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალურ და გარემო პირობების მდგომარეობასაც. საზომი პოპულარულია აკადემიურ წრეებში და მას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს ამერიკის რამდენიმე შტატის მთავრობა იყენებს. მაგალითად, 2004 წლიდან ვერმონტის, მერილენდის, ვაშინგტონისა და ჰავაის შტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომელიც ჭეშმარიტი პროგრესის ინდიკატორის სხვადასხვა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების დროს გამოყენებას ითვალისწინებს.

კიდევ ერთი, საკმაოდ დახვეწილი საზომის განვითარების იდეა  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამას ეკუთვნის. პროგრამა ყოველწლიურად აქვეყნებს “ჰუმანური განვითარების ანგარიშს”, რომელშიც თითოეულ ქვეყანას ჰუმანურიგანვითარებისინდექსსანიჭებს.  ინდექსის შემუშავება მცდელობაა იმისა, რომ შეიქმნას კომპოზიტური ცხოვრების სტანდარტების შეფასების ახალი მაჩვენებელი.  ჰუმანური განვითარების ინდექსის განსაზღვრა დაფუძნებულია სამ სხვადასხვა კრიტერიუმზე. ესენია: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, განათლების ხარისხი და მთლიანი ეროვნული შემოსავალი მოსახლეობის ერთ სულზე (PPP)[9]. M

გარდა “ჰუმანური განვითარების ანგარიშისა” გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 2012 წლის შემდეგ ყოველწლიურად აქვეყნებს “მსოფლიო ბედნიერების ანგარიშს”, რომელშიც რამდენიმე კრიტერიუმებზე დაყრდნობით 157 ქვეყანას სხვადასხვა ბედნიერებისქულასანიჭებს. GDP მოსახლეობის ერთ სულზე (PPP)[10], პიროვნული და გამოხატვის თავისუფლება, სოციალური მხარდაჭერა, მოქალაქეთა სიუხვისკენ მიდრეკილება,  ჯანმრთელი ცხოვრების ხანგრძლივობა, სახელმწიფოს მიმართ ნდობა და კორუფციის აღქმა ჴ ეს იმ კრიტერიუმთა ჩამონათვალია, რომლებიც განსაზღვრავენ ამა თუ იმ ქვეყნის ბედნიერების საბოლოო ქულას. ანგარიშის პოპულარულობა დღითითდღე იზრდება, რადგან სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები მას ხშირად იყენებენ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყნების კეთილდღეობის და ბედნიერების შესაფასებლად ბევრი სხვადასხვა საზომი შეიქმნა. კეთილდღეობის ალტერნატიული საზომები ერთმანეთისგან სხვადასხვა ასპექტებით განსხვავდებიან, თუმცა ყოველი მათგანი ცდილობს ისეთი ფაქტორების გათვალისწინებას, რომელთაც GDP ნაწილობრივ, ან სრულად, უგულებელჰყოფს. 

ალტერნატიული საზომების კრიტიკ 

მიუხედავად იმისა, რომ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ბედნიერებისა და კეთილდღეობის ეკონომიკური არსის შესახებ აუმრავი კვლევა შეიქმნა, დღემდე არ მოიძებნება განვითარების ისეთი საზომი, რომელიც GDP-ის სრულად ჩაანაცვლებს. სხვადასხვა კვლევები ამის მიზეზად ისეთ ფაქტორებს მიიჩნევენ, როგორიცაა ასეთი საზომების სრულად დახვეწისათვის საჭირო რესურსების არქონა, ბედნიერების არსის ბუნდოვანება, მისი სუბიექტური ბუნება, მონაცემთა სიმწირე, კვლევათა ვალიდურობა, კვლევის მეთოდების არატრანსპარენტულობა და მათში გამოყენებული მონაცემების სიზუსტის არასაკმარისი მტკიცებულება (Parris and Kates, 2003). Bგანვითარების საზომები, როგორც აღვნიშნეთ, უმეტეს შემთხვევებში ეფუძნება ადამიანთა მიერ აღქმულ პირად ბედნიერებას, შესაბამისად, ქვეყანათაშორისი ანალიზისას უგულებელჰოფილია ამ ქვეყნებს შორის განმასხვავებელი ენობრივი და კულტურული ასპექტებიც. სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, ხშირად, ბედნიერების გამოხატვის  განსხვავებული დონით გამოირჩევიან. ზოგი ეროვნების ადამიანი ბედნიერებას მეტად, ზოგი კი ნაკლებად გამოხატავს, რაც თავისთავად ამახინჯებს ბედნიერებაზე შეგროვილი მონაცემების ვარგისიანობას ქვეყანათაშორისი ანალიზის გაკეთებისას (Koopmann-Holm and Tsai, 2014). ალტერნატიული საზომების სრულად დახვეწილობის შემთხვევაშიც კი სადავოა საკითხი იმის შესახებ უნდა ჩაანაცვლოს თუ არა ამ საზომებმა GDP. სხვადასხვა კვლევები გამოხატავენ შიშს იმის შესახებ, რომ ესეთი საზომები GDP -ისთან შედარებით ადვილად მანიპულირებადია და შესაძლოა მათი გაფეტიშებით მთავროვბებმა გადაფარონ რეალური პრობლემები და უპოვონ გამართლება დაბალ ეკონომიკურ ზრდას (White, 2014). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მართალია ბუტანში ადამიანთა უმრავლესობა ბედნიერად მიიჩნევს თავს, მაგრამ ეს შესაძლოა მათი რელიგიურობის ან უბრალოდ გარე სამყაროზე ინფორმაციის არქონის შედეგიც იყოს.

ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ GDP მართალია საერთო კეთილდღეობის უნაკლო საზომი არ არის, მაგრამ ის კარგად ზომავს იმ კეთილდღეობას, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას მოაქვს. იკვეთება ისიც, რომ მდიდარი ქვეყნები საშუალოდ უფრო ბედნიერნი არიან ვიდრე ღარიბი ქვეყნები. ასევე, კეთილდღეობის ალტერნატიულ საზომებსა და GDP-ის შორის ხშირად დადებით სტატისტიკურ კორელაციასაც ვაწყდებით - GDP-ის ზრდასთან ერთად იზრდება ბედნიერებაც, თუმცა მათ შორის კავშირი კლებადი ზღვრული სარგებლიანობით[11] ხასიათდება (იხ. ნახაზი 3).

შედეგად, შესაძლოა ვივარაუდოთ ისიც, რომ მოსახლეობის ბედნირების მაქსიზმიზაციაზე ზრუნვა მდიდარ ქვეყნებში უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ღარიბ ქვეყნებში, რადგან დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მხოლოდ GDP-ის ზრდასაც აქვს ბედნირების ზრდაზე მკვეთრი გავლენა. 

დასკვნ 

ბედნიერების ცნება ეკონომისტების ინტერესის საგანს ეკონომიკის, როგორც სოციალური მეცნიერების, ჩამოყალიბების დღიდან წარმოადგენდა. პარადოქსულად, პროგრესის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ მაჩვენებელს ისეთი საზომი (GDP) წარმოადგენს, რომელიც თავის თავში ვერ ახერხებს ასახოს ისეთი ფაქტორები, რომელთაც ადამიანთა ბედნიერებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ. შესაბამისად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეიქმნა კეთილდღეობის სხვადასხვა კომპოზიტური საზომები, რომლებიც GDP-ის ნაკლოვანებების გამოსწორებას ისახავდნენ მიზნად. თუმცა, ბედნიერების ცნების ირგვლივ არსებული გაურკვევლობა და საკითხის ირგვლივ სხვადასხვა კვლევების შედეგების წინააღმდეგბრივობა, რთულს ხდის ამ ინდიკატორების საყოველთაოდ აღიარებას. შესაბამისად, რადგან GDP დღესდღეობით ყველაზე კარგად შესწავლილი ინდიკატორია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი ჩანაცვლება ალტერნატიული საზომით ახლო მომავალში არ მოხდება. თუმცა, შესაძლებელია იმის ვარაუდიც, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყნები მოახდენენ ბედნიერების ინდიკატორების სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესსში ეტაპობრივ ჩართვას. ერთი რამ უდავოა - ბედნირებაზე კვლევებმა უდიდესი კონტრიბუცია შეიტანეს ეკონომიკის, როგორც მეცნიერების განვითარებაში და გააჩინეს საერთაშორისო დიალოგი იმის შესახებ, თუ როგორ მოვახდინოთ პროგრესის უკეთ გაზომვა და მისი მეტად წახალისება. 

გამოყენებულილიტერატურა 

  1. Angner, Erik, Jennifer Ghandhi, Kristen Williams Purvis, Daniel Amante, and Jeroan Allison. "Daily Functioning, Health Status, and Happiness in Older Adults." SpringerLink. Springer Netherlands, 14 Oct. 2012. Web. 30 May 2017.
  2. Bentham, Jeremy, and F. C. Montague. A Fragment On Government. Union, NJ: Lawbook Exchange, 2001. Print.
  3. Bruni, Luigino, and Pier Luigi. Porta. Handbook On The Economics Of Happiness. Cheltenham, UK: Edward Elgar, 2007. 160. Print.
  4. Cantril, Hadley. The Pattern of Human Concerns. New Brunswick, NJ: Rutgers U, 1965. 194-95. Print.
  5. Chainey, Ross. "Beyond GDP – Is It Time to Rethink the Way We Measure Growth?" World Economic Forum. N.p., 13 Apr. 2016. Web. 29 May 2017.
  6. Cobb, Clifford, Ted Halstead, and Jonathan Rowe. "If the GDP Is Up, Why Is America Down?" The Atlantic. Atlantic Media Company, Oct. 1995. Web. 24 May 2017.
  7. Easterlin, Richard A. "Does Economic Growth Improve the Human Lot? Some Empirical Evidence." Nations and Households in Economic Growth (1974): 89-125. Web.
  8. "GINI Index (World Bank Estimate)." GINI Index (World Bank Estimate) | Data. Web. 30 May 2017.
  9. "Human Development Reports." Human Development Index (HDI) | Human Development Reports. N.p., n.d. Web. 22 May 2017.
  10. Koopmann-Holm, Birgit, and Jeanne L. Tsai. "Focusing on the Negative: Cultural Differences in Expressions of Sympathy." Journal of Personality and Social Psychology 107.6 (2014): 1092-115. Web.
  11. Kuznets, Simon. "National Income, 1929-1932." NBER. N.p., n.d. Web. 29 May 2017.
  12. Malthus, Thomas Robert., and Edward Anthony. Wrigley. An Essay On The Principle Of Population: The First Edition (1798). London: Pickering, 1986. Print.
  13. Michalos, Alex C. "I: Health, Education, and Welfare." Journal of Economic Literature 50.3 (2012): 868-73. Web. 25 May 2017.
  14. Okun, Morris A., William A. Stock, Marilyn J. Haring, and Robert A. Witter. "Health and Subjective Well-Being: A Meta-Analyis." The International Journal of Aging and Human Development 19.2 (1984): 111-32. Web.
  15. Parris, T.M, and R.W. Kates. "Parris, T. M., and R. W. Kates. 2003. Characterizing and Measuring Sustainable Development. Annual Review of Environment and Resources 28:559-586." N.p., 2003. Web. 31 May 2017.
  16. Pigou, A. C. "Some Aspects of Welfare Economics." 41.3 (1951): 287-302. Web. 29 May 2017.
  17. Rehdanza, Katrin, and David Maddisonb. "Health and Happiness." Happiness (n.d.): 27-46. Centre for Marine and Climate Research, Hamburg University, 10 Apr. 2013. Web. 25 May 2017.
  18. Smith, Adam. The Theory of Moral Sentiments. London: Printed for A. Millar; and A. Kincaid and J. Bell, in Edinburgh, 1761. 187. Print.
  19. Staff, Investopedia. "Gini Index." Investopedia. N.p., 14 Mar. 2016. Web. 30 May 2017.
  20. "States Exploring the GPI." Genuine Progress in the States. N.p., 26 May 2014. Web. 25 May 2017.
  21. Tella, Rafael Di. "The Macroeconomics of Happiness." The Review of Economics and Statistics 85.4 (2003): 809-27. JSTOR. Web. 29 May 2017.
  22. Ura, Karma. A Short Guide To Gross National Happiness Index. Thimphu: Centre for Bhutan Studies, 2012. Web. 26 May 2017.
  23. White, Mark D. "The Problems with Measuring and Using Happiness for Policy Purposes." Mercatus Center, 14 Sept. 2016. Web. 19 May 2017.
  24. Wilkinson, Richard G., and Kate Pickett. Introduction. The Spirit Level: Why More Equal Societies Almost Always Do Better. London: Allen Lane, 2009. N. pag. Print.
  25. "World Happiness Report 2017." World Happiness Report. N.p., n.d. Web. 23 May 2017.
  26. "Your Key to European Statistics." Database - Eurostat. N.p., n.d. Web. 25 May 2017.


[1] “ბედნიერება”, “სუბიექტური ბედნიერება”, “პროგრესი”, “კეთილდღეობა” და “განვითარება” ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია.   

[2] ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საზღვრებში წარმოებული მთლიანი პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულება.

[3] ბედნირებაზე კვლევათა უმეტესი ნაწილი ეყრდნობა ადამიანთა მიერ ე.წ. “self-reported” ბედნიერების მაჩვენებლებს. აკადემიურ წრეებში დიდი ხანია მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რამდენად გაზომვადია სუბიექტური ბედნიერება.

[4] გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ინდექსი, რომელიც გამოიყენება ქვეყანების ბედნიერების შესაფასებლად. “0” ნიშნავს “უბედურს”, “10” ნიშნავს “ძალიან ბედნიერს”.  

[5] მოსახლეობის წილი (პროცენტებში გამოხატული), რომელიც თავს ჯანმრთელად საერთოდ არ მიიჩნევს.  

[6] საზომი რომელიც გამოიყენება საზოგადოებაში შემოსავლების უთანასწორობის დასათვლელად. “0” ნიშნავს აბსოლუტურად თანაბარ საზოგადოებას, “100” ნიშნავს აბსოლუტურად უთანაბრო საზოგადოებას.

[7] მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა, ეფექტური მმართველობა, კულტურის დაცვა

[8]ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, თავისუფალი დრო, განათლება, კულტურული მრავალფეროვნება, ეფექტიანი მმართველობა, თემის სიცოცხლისუნარიანობა, ეკოლოგიური მრავალფეროვნება და ცხოვრებისეული პირობები.

[9] GDP-ის მსგავსი მაჩვენებლი, რომელიც GDP-ისგან განსხვავებით მოქალაქეების მიერ სხვა ქვეყნებიდან მიღებულ შემოსავლებსაც ასახავს.

[10] ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანთა საშუალო ცხოვრების სტანდარტის შესაფასებლად ეკონომიკაში ხშირად გამოყენებადი ინდიკატორი, რომელიც მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით ქვეყნებს შორის შედარების საშუალებას იძლევა. 

[11] ერთი ერთეულით მეტი საქონლისა და მომსახურების მოხმარებით მიღებული კმაყოფილება.